კობახიძე MEGOBARI Act-ზე: კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას

კობახიძე MEGOBARI Act-ზე: კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას

ქართული ოცნების ახლადარჩეული თავმჯდომარე და პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI Act-ის მიღებასაც დიფ სთეითს უკავშირებს.

ის MEGOBARI Act-ს "აბსოლუტურად მტრულს" უწოდებს და ირწმუნება, რომ კონგრესში არიან ადამიანები, რომლებიც არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, არამედ დიფ სთეითის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ამ კონტექსტში, ის კონგრესმენ ჯო უილსონს ახსენებს და მას "თავიდან ბოლომდე დიფ სთეითს" უწოდებს.

"ძალიან მოკლედ გიპასუხებთ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მტრული აქტი და აქ ვლინდება, კიდევ ერთხელ, ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. როგორ შეიძლება, MEGOBARI Act ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული. ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული აქტი.

გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიფ სთეითს შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. [...] ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით ერთ რამეს და დღესაც შეგვიძლია ვთქვათ და გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს დიფ სთეითს, ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში, დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ დიფ სთეითის გავლენის ქვეშ. ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე დიფ სთეითი", - ამბობს ის.