კოალიცია ძლიერ საქართველოს იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

კოალიცია ძლიერ საქართველოს იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

კოალიცია ძლიერი საქართველო ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. როგორც ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა თქვა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიები კანონის წინააღმდეგ მიდიან და მათ საარჩევნო კლიპებს ბლოკავენ.

"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ წასვლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა, რასაც ეს მედიასაშუალებები აკეთებენ. განსაკუთრებით ეს მძიმეა დემოკრატიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საარჩევნო გარემო და არჩევნები ვერ და არ შეფასდება თავისუფლად და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად, თუ ის არ იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი მედიაგარემოთი. რასაც ახლა ისინი და ეს ორი მედიასაშუალება აკეთებს, ეს არის მედიის თავისუფალი გარემოს არაკონსტიტუციური შეზღუდვა. დიდი ხანია ვხედავთ, რომ დაკავებული ხართ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალიან ბინძური რუსული მეთოდების პროპაგანდით, მაგრამ რასაც ახლა მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებთ, ეს აღარაფერში აღარ ჯდება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედი ეთერში ოპოზიციური პარტიების სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარს ამბობს. ამის მიზეზად კი იმედი ტელეკომპანია მთავარის, ფორმულასა და TV პირველის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლითაც ისინი უარს ამბობენ ეთერში ქართული ოცნების არაეთიკური რგოლი გაუშვან.

5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა და მთავარი არხი, ტელეკომპანია პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. სამივე ტელეკომპანია ქართული ოცნების არაეთიკური პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე უარს ამბობს.