თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, თუ კონგრესი დამატებით დახმარებას არ დაამტკიცებს, უკრაინის დახმარების შემდეგი პაკეტი ბოლო იქნება.
"შეერთებული შტატები წლის ბოლომდე უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს. თუმცა, როდესაც ამას გავაკეთებთ... ჩვენ შევსების უფლებამოსილება აღარ გვექნება", - აღნიშნა მან.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.
ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.