კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას.
მათი თქმით, "განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით კავკასიის უნივერსიტეტის საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე".
"ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავლშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა - დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.