კაცს, რომელიც პელოსის სახლში შეიჭრა და მის ქმარს თავს დაესხა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

კაცს, რომელიც პელოსის სახლში შეიჭრა და მის ქმარს თავს დაესხა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

კაცს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში შეიჭრა და მის ქმარს ჩაქუჩით დაესხა თავს, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დევიდ დეპეიპი ასევე მაისში ფედერალური ბრალდებებით გაასამართლეს, რის გამოც 30 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სან-ფრანცისკოში სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა დეპეიპი დამნაშავედ ცნეს ადამიანის გატაცებაში, პირველი ხარისხის ყაჩაღობაში და ასაკოვანი ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისთვის. თავდასხმის შედეგად პოლ პელოსიმ, რომელიც ამჟამად 84 წლისაა, თავისქალის დაზიანებითა და სხვა ტრავმებით საავადმყოფოში 6 დღე გაატარა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ პელოსის ოჯახმა განაცხადა, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა.

"ორი წლის წინ ძალადობრივი შეჭრისა და შეძახილებიდან "სად არის ნენსი?" შემდეგ, დღე არ გადის, რომ არ ვიფიქროთ ამ დამანგრეველ თავდასხმაზე, მის ტრავმებზე - ან მომავალი თავდასხმების შესაძლებლობაზე", - განაცხადა ოჯახმა.

დეპეიპის ადვოკატი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

"ეს ნამდვილად იყო ტრაგიკული ისტორიის ტრაგიკული დასასრული", - განაცხადა ადვოკატმა ადამ ლიპსონმა.

ლიპსონი ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, უფრო მსუბუქი სასჯელის ზომა გამოეტანა და მიუთითებდა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იზოლაციის პრობლემებზე, რამაც იგი პროპაგანდისთვის მოწყვლადი გახადა.

სასამართლო პროცესზე ნაჩვენები ვიდეოკადრებიდან ჩანდა, რომ კანადის მოქალაქე დეპეიპი, რომელიც 20 წელია აშშ-ში ცხოვრობს, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს კალიფორნიაში პელოსის სახლში ჩაქუჩით შეიარაღებული შეიჭრა. დეპეიპი ნენსი პელოსის ქმარს წააწყდა და იკითხა სად იყო მისი ცოლი, რომელიც იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას ჩაქუჩზე ჩაჭიდებული პელოსი და დეპეიპი დახვდათ.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცს იარაღის დაგდება მოსთხოვეს, მან ჩაქუჩი პოლ პელოსის ჩაარტყა, რის შემდეგაც ის იატაკზე დააგდეს. თავისქალის დაზიანების გარდა ყოფილი სპიკერის ქმარმა მკლავისა და ხელის დაზიანებები მიიღო. თავდასხმის დროს მას სამჯერ დაარტყეს.

ფედერალურ სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ ნენსი პელოსის მძევლად აყვანას, კამერის წინ დაკითხვას და "მუხლების დატეხვას" გეგმავდა, თუ არ აღიარებდა იმას, რასაც დეპეიპმა, "მისი ტყუილები უწოდა".

როდესაც დეპეიპმა სასამართლოს მიმართვის შესაძლებლობა მიიღო, მან 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორიებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მას მიაჩნდა რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატები მის წინააღმდეგ შეიკრნენ, რის გამოც მოსამართლემ იგი რამდენჯერმე გააჩერა.