სოვლაბის წევრი, გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. მისი თქმით, სამშობლოს მტრობა სტალინის განდიდებაა და არა მასზე ისტორიის კვლევა.
"სამშობლოს მტრობა სტალინის შესახებ სიმართლის საუბარი კი არ არის, სამშობლოს მტრობა და წინაპრების შეურაცხყოფა მისი დანაშაულების შესახებ და ჩვენი სტალინის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაზე საუბარი კი არ არის, ჩვენი წინამორბედების და წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფა, ვინც დაიღუპა მე-20 საუკუნეში, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არის სტალინის განდიდება, აი, ეს არის სამშობლოს მტრობა და არა სტალინის შესახებ მისი ისტორიის კვლევა და ა.შ.", - ამბობს კანდელაკი.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს ესხმის თავს და მათ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.
პაპუაშვილი საუბრობს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოჰყავს იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი და აცხადებს, რომ ეს შეტევა "კოორდინირებულია".
მისი თქმით, "დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის" ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ "საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს".
პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და აცხადებს, რომ "ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან".
ის ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს "რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში" ადანაშაულებს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.