კამათი და წინსვლა სამშვიდობო შეთანხმებისკენ - სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა კრემლში

კამათი და წინსვლა სამშვიდობო შეთანხმებისკენ - სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა კრემლში

დღეს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.

რუსული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, შეხვედრისას ილჰამ ალიევმა და ნიკოლო ფაშინიანმა კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის მიუხედავად იკამათეს კიდეც.

გამოცემის ცნობით, უთანხმოების მიზეზი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელ გზაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ალიევმა საუბრისას ტერმინი "ზანგეზურის დერეფანი" გამოიყენა, რაზეც ფაშინიანმა თქვა, რომ ბოლო წლებში ეს ტერმინი სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების გამოსახატად გამოიყენება.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის სამმხრივ განცხადებაში ნახსენებია მხოლოდ ერთი - ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კი განაცხადა, რომ მის სიტყვებში ტერიტორიული პრეტენზიები არ იკვეთება და მის მიერ გამოყენებული ტერმინი საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე ვერ შეთანხმდნენ ლაჩინის დერეფნის ფუნქციონირების საკითხზე. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს დერეფანი ჩაკეტილია, რასაც ალიევი არ დაეთანხმა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ერთადერთი სახმელეთო გზის ჩაკეტვით ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა.

ფაშინიანმა ამას 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "პირდაპირი დარღვევა" უწოდა.

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დაიწყეს გზის, ე.წ ლაჩინის დერეფნის ჩახერგვა, რომელიც ფაშინიანის თქმით, რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. აზერბაიჯანმა კი წინა თვეში ამ გზაზე გამშვები პუნქტი დააყენა.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ სომხეთი ამ გზას მთიან ყარაბაღში იარაღის გასაგზავნად იყენებდა. სომხეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი ფაშინიანს უთხრა, რომ "აზერბაიჯანს არანაირი დერეფანი არ დაუბლოკავს." ალიევმა ასევე განაცხადა, რომ "არაა საჭირო ამ პლატფორმის უსაფუძვლო ბრალდებებისთვის გამოყენება".

გამოცემის ცნობით, ლიდერებს შორის დავა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დაძაბულობის მიუხედავად, ორივე ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით მკვეთრი პროგრესია.

"იმედი მაქვს, ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა სტეფანაკერტს [მთიანი ყარაბაღის ტერიტორია] შორის უახლოეს მომავალში დაიწყება" - თქვა ფაშინიანმა.

ალიევმა კი აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის წინააღმდეგ.

"არსებობს შესაძლებლობა, რომ მიიღწევა სამშვიდობო შეთანხმება ბაქოსა და ერევანს შორის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად" - თქვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანი განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვისაც ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს.

გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოწოდებები საერთო საზღვრის გასწვრივ ბოლოდროინდელი შეტაკებების სერიის შემდეგ გაძლიერდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. გასულ თვეში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად იყო ეცნო აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე.

***

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.