
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის შტატში გაგზავნას „უკანონო“ და „ამორალური“ უწოდა და თეთრი სახლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა დააანონსა.
„დონალდ ტრამპმა თავად შექმნა ის პირობები, რასაც დღეს ტელევიზორით ხედავთ. ის ამწვავებს ვითარებას – ცეცხლზე ნავთს ასხამს,“ – განუცხადა ნიუსომმა MSNBC-ს.
მისი თქმით, პრეზიდენტის ქმედება არაკონსტიტუციურია, რადგან ეროვნული გვარდიის გაგზავნა შტატში მოთხოვნის გარეშე განხორციელდა, რაც სტანდარტულ პროცედურას არღვევს. „ეს არის არაკონსტიტუციური აქტი და ხვალ ამ თეორიას სასამართლოში გადავამოწმებთ,“ – დასძინა ნიუსომმა.
გუბერნატორმა ტრამპი ასევე „ცივსისხლიან მატყუარად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ეროვნული გვარდია არც კი უხსენებია მასთან სატელეფონო საუბარში, რომელიც პროტესტების დაწყების შემდეგ შედგა.
შეგახსენებთ, ლოს ანჯელესში უკვე მესამე დღეა, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ქალაქში პროტესტი მას შემდეგ აგორდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია უსაბუთო მიგრანტების დაკავებებისა და საიმიგრაციო რეიდების შესახებ.