
განხილულ ზომებს შორისაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასოცირების შეთანხმების გათიშვა და სანქციები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
"საქართველოზე დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და ვითარება სულ უფრო მწვავდება. დღეს მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სხვადასხვა ვარიანტი - რას შეიძლება კიდევ ვაკეთებდეთ. განხილულ ზომებს შორისაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასოცირების შეთანხმების გათიშვა და სანქციები. საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას ექნება თავისი ფასი", - განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე უპასუხა საქართველოს მთავრობისთვის გასაგზავნ წერილზე დასმულ შეკითხვასაც.
"რაც შეეხება წერილს საქართველოს ხელისსუფლებისადმი – როგორც იცით, 2017 წლიდან ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. ეს ევროკავშირის მხრიდან დიდი სარგებელია, რომელიც ქვეყნისთვისაა შეთავაზებული. სწორედ ამიტომ არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს მიეწოდა „შეჩერების მექანიზმის“ მეშვიდე ანგარიშში.
არ ჩავუღრმავდები ანგარიშის ყველა დეტალს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს გამოვარჩევ: საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ეს მოიცავს შეკრების, გაერთიანების და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას. და ეს მხოლოდ ერთი პუნქტია - მსგავსი შინაარსის კიდევ 7 პუნქტია მოცემული.
საქართველოს მიეცა ვადა - აგვისტოს ბოლომდე - რომ შეასრულოს ეს რეკომენდაციები. და ახლა ჩნდება შეკითხვა: რა მოხდება, თუკი ეს პირობები არ შესრულდება?
მაგალითად, ვისმენთ ინფორმაციას, რომ 8 ოპოზიციური ლიდერიდან 7 უკვე დააკავეს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პირველ პუნქტს, რომელიც ზემოთ აღვნიშნე.
ევროკავშირის მხრიდან დღემდე მივდევდით პოლიტიკას, რომ არ გვინდოდა ზიანი მიგვეყენებინა ქართველი ხალხისთვის. გვესმის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მათ პირდაპირ შეეხებათ. თუმცა, ამავე დროს, ეს არის ევროკავშირის სანდოობის საკითხიც.
თუ ევროკავშირმა კონკრეტული პირობები წამოაყენა და ამ პირობების შესრულება ვერ ხერხდება, მაშინ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი შედეგი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამაც დაინახოს: მათი მთავრობა არ იმყოფება ევროპულ გზაზე და არ ეპყრობა სერიოზულად კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა კალასმა.