
თბილისის მერი, კახი კალაძე ირწმუნება, რომ ადრე გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა იმ კორპუსის დემონტაჟზე, რომლის ფასადის ჩამონგრევამაც დღეს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მისი თქმით, კორპუსი ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
"სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხევვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1 ადამიანი. 1 არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შებამისი მკურნალობა უტარდება.
რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული. მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილბრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის გაუქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.
სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ასეთი პროგრამების განხორციელებას მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული", - თქვა კალაძემ.