კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება 2026 წლამდე გადადო

კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება 2026 წლამდე გადადო

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება ერთი წლით, 2026 წლამდე გადადო.

კალაძემ მიზეზად "ჩატარებული კვლევები" დაასახელა, რომლის თანახმადაც, მისი თქმით, "საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი მიწის ქვემოთ", ეს კი დიდ დროს მოითხოვს, რაც "დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში".

"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე სიახლეები გვაქვს - გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მიწის ქვემოთ. მიწის ქვემოთ არის ერთი კოლექტორი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში, წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემებია მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემაა, ყველაფერი არეულია ერთმანეთში. არის ავარიულ მდგომარეობაში და ის, რაც მოედინება, ყველაფერი ერთად არეული ატარებს და გარკვეულ შენობებს უქმნის პრობლემებს.

შესაბამისად, მისი დემონტაჟი გარკვეულ ვადასთან და დროსთან არის დაკავშირებული. ვვარაუდობდით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 თვე დასჭირდებოდა და ვაპირებდით მაისის ბოლოს დაწყებას, თუმცა, ამ ეტაპზე, მოგვიწევს, რომ მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს. რუსთაველი ცენტრალური გამზირია და დიდი ხნით მისი დაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში და ძალიან დიდ დისკომფორტს, ამიტომ, მომავალი წლისთვის გადაიწევა სამუშაოები", - თქვა მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში.