თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ წერეთლის გამზირზე ირწმუნება, რომ სანიაღვრე სისტემა "გამართულად მუშაობს".
კალაძის მტკიცებით, გამზირი სპეციალური მოწყობილობით - რობოტით დაათვალიერეს და " არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს".
თბილისის მერი ინფორმაციას იმაზე, რომ სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს, "სპეკულაციას და სიცრუის კამპანიას" უწოდებს.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.
სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს", - თქვა კალაძემ.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა, მათ შორის წერეთლის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა.