თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"იცით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, რაც დარჩენილი იყო. ეს იყო გარე განათებების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ასევე იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება", - თქვა კალაძემ.
მიმდინარე წლის 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
მერიის განცხადებით, ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მეორე დღე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის მერიამ 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17,5 მილიონ ლარი იყო.