თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.
კალაძის მტკიცებით, სააკაშვილი "რეალურად შესანიშნავ ფორმაშია" და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მას "პრობლემები არასდროს ჰქონია".
"სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება"- თქვა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს, ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.
როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".
ამასთან, პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".