საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.
როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".
ამასთან, პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნსი მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".
"გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა ნაციონალური მოძრაობის ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაცია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილის დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით“ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება.
მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარ მიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც).
ასევე, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
გუშინ, 20 დეკემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას ისაუბრა ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც ოპოზიციამ ენმ-თან ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტი უნდა შექმნას.
"კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასევე, მე მინდა, შევთავაზო [ოპოზიციას] ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში. ხალხი უნდა შევიდეს, ნუ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი.
ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი [...] მე მზად ვარ, რომ შევიდე ამ კომიტეტის შემადგენლობაში. თქვენთან ერთად ვითათბირო", - განაცხადა სააკაშვილმა.