
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანში ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატს და B.P. Trans-ის მფლობელს ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორსა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
პროკურატურამ მათ ბრალი 25 სექტემბერს წარუდგინა. უწყების თანახმად, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებს.
პროკურატურის ცნობით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.
ბიჭიკო პაიკიძეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, კომპანიის დირექტორსა და 4 თანამშრომელს - 6-დან 9-წლამდე.