ქართულ ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ის ანტიდასავლურ განცხადებებს არ აკეთებს.
"როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება? ერთი მაგალითი მოიყვანონ. აი, ნაციონალური მოძრაობა რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალურო ორგანიზაცია, რომელმაც თავის ქმედებებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაადასტურა და აჩვენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროპასთან და ევროპულობასთან ამ ადამიანებს და ამ დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან"- თქვა კალაძემ.
დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიის შენობასთან აქცია გამართეს. მათ კახა კალაძის გუშინდელი განცხადება გააპროტესტეს და თქვეს, რომ მსგავსი განცხადებები ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
კახა კალაძემ 1-ელ მაისს თქვა: "12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა".
ეს არ არის ერთადერთი კომენტარი, სადაც კალაძე ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებს. ის ერთ-ერთია ქართული ოცნებიდან, ვინც საუბრობს მეორე ფრონტზე და ევროპელ პარტნიორებს თავს ესხმის.