კალაძე: ფიშერს ელჩი უწოდო, ეს სხვა საელჩოებისთვის შეიძლება ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს

კალაძე: ფიშერს ელჩი უწოდო, ეს სხვა საელჩოებისთვის შეიძლება ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს

"ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ საქართველოს მთავრობის იმართ კრიტიკულ განცხადებას.

კალაძე ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოების დაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.

"რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა", - განაცხადა კალაძემ.

დღეს პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა მას ელჩის რანგში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას.

"კარგი საუბარი მქონდა გერმანიის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართ. გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას მიცხადებს ელჩის რანგში. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება, არ არის სიმართლე", - წერს ის X-ზე.