თბილისის მერი კახა კალაძე ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორის მზია ამაღლობელის მხრიდან სინანულის "არქონაზე" მიუთითებს და მას ქართული ოცნების სხვა წევრების მსგავსად "პოლიციელზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.
კალაძე აქებს ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძეს და მას "ღირსეულ პოლიციელს" უწოდებს.
"მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ. „ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა"- ამბობს კალაძე.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.
***
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.