
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თვალჭრელიძეზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით "მერია არაფერ შუაშია".
მისი თქმით, "ეს კერძო საკუთრებაა და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა".
"მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნინიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და
სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.
არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება", - ამბობს კალაძე.
თვალჭრელიძეზე ამ წუთებში ვითარება დაძაბულია და გამოსახლეობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე 4 პირი დააკავეს.