თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი "რეალობას აცდენილია". საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ანალენა ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს" ხედავენ.
"აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა კალაძემ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ოფიციალური ვიზიტი 23-24 მარტს გაგრძელდება. ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან და სტუდენტებთან.