კაია კალასი: დიდი შეშფოთებით ვუყურებთ, რა ხდება საქართველოში

კაია კალასი: დიდი შეშფოთებით ვუყურებთ, რა ხდება საქართველოში

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

პრესკონფერენციაზე დაისვა შეკითხვა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და ასევე, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შიმშილობის შესახებ.

EU-ის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ პროცესებს.

"რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ პროცესებს. დიდი შეშფოთებით ვუყურებთ, რა ხდება. ამიტომ, განვიხილეთ დღეს რა შეიძლება მეტი გავაკეთოთ, რომ სიგნალი გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ მიდის სწორი მიმართულებით ევროპული გზის თვალსაზრისით. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას - გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ და ახლა წევრ სახელმწიფოებზეა, რომ შეასრულონ შიდა წესების შესაბამისად", - თქვა მან.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.