ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანახმად, "არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი".
მან კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნების შედეგი საჭიროებს გამოძიებას.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევა აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამოძიებული გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს, მაგრამ გახლავთ ბევრი და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და ეს ითხოვს გამოძიებას იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს იმას, რა მოხდა, რა იყო დარღვევების მასშტაბი და როგორ მოახდინა ამან ზეგავლენა შედეგებზე. [...] ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომელიც მოხდება შემდეგ დღეებში, დაველოდოთ არჩევნების გამოძიებას და იმას, რომ ნათელი მოეფინოს დარღვევებს, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო დასახელებული", - თქვა ჯოზეფ ბორელმა. [სინქრონული თარგმანი]
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "ბოლო თვეებში კონსოლიდირებული ტენდენციაა, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებსა და პრინციპებს".
ჯოზეფ ბორელის თქმით, იმისათვის რომ ქვეყანა კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს, პირველ რიგში საჭიროა რუსული და ანტი-ლგბტ კანონების გაუქმება.
"კონსოლიდირებულ ტენდენციას ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში ნათელ გზას სახავს, კვლავ დაახლოებასთან დაკავშირებით თუ იქნება პოლიტიკური სურვილი საქართველოს ხელისუფლებისგან, ჩვენ ვთავაზობთ ნათელ გზას, რომ კვლავ მოხდეს დაახლოება ევროკავშირთან. უცხოურ გამჭვირვალობის გავლენის კანონის გაუქმება, რასაც ჰქონდა უარყოფით გავლენა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ასევე იგივე ეხება ოჯახური ღირებულებების კანონს - ეს იქნება პირველი მაჩვენებელი საქართველოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯებისა", - თქვა მან. [სინქრონული თარგმანი]