აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საკითხზეც ისაუბრა და შეშფოთება გამოთქვა "საქართველოს უკუსვლასა" და პარლამენტის მიერ რუსული კანონის დამტკიცებაზე.
"მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რეალურად იმეორებს რუსულ ანალოგიურ კანონს. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად", - თქვა მან.
ჯინ შაჰინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ "ოპერატიული წინააღმდეგობა არსებობს" და იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ოპერატიული საკითხია".
ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს "ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და ქმედებებზე, რომლებმაც საქართველოში ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია".
საქართველოს საკითხზე სენატორმა სხდომის გახსნისას სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ "ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად ხალხის უდიდესი მისწრაფებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი".