ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა (რეპუბლიკელი, აიდაჰო) და კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი "საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის აქტის: (MEGOBARI Act), - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

"საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში შეშფოთებულნი და გაოგნებულნი არიან იმ ავტორიტარული ნაბიჯებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, და იმ ძალადობრივი რეპრესიებით, რომელსაც იგი მშვიდობიან პროდემოკრატიულ აქციებზე ახორციელებს," – განაცხადა სენატორმა რიშმა. "ეს კანონპროექტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს მათი თვითგამორკვევის უფლებისთვის ბრძოლაში და უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს, რომლითაც შევძლებთ საქართველოს პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღდგენას."

"სიხარულით წარმოვადგენ ამ ორპარტიულ და ორპალატიან ინიციატივას სენატორ რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ ჩადენილი კონსტიტუციური დარღვევებისა და ძალადობის წინააღმდეგ," – განაცხადა სენატორმა შაჰინმა. "ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-ს არ შეუძლია ზურგი აქციოს მთავარ პარტნიორს, რომელიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. განსაკუთრებით იმ დროს, როცა რუსეთი რეგიონის დემოკრატიების დესტაბილიზაციას ცდილობს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაში. ველოდები სენატორ რიშთან თანამშრომლობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გავიტანოთ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში."

MEGOBARI Act ითვალისწინებს:

  • აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვას, მათ შორის, ყველა დახმარების პროგრამის შეფასებას;
  • საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
  • აშშ-ის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, დააწესოს სანქციები "ქართული ოცნების" იმ ოფიციალურ პირებზე და მათ მხარდამჭერებზე, რომლებიც კორუფციულად ცდილობენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას ან სხვა დესტაბილიზაციური ქმედებების განხორციელებას;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დაუბრუნდება;
  • საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთის მიერ მიმდინარე უკანონო ოკუპაციის პირობებში;
  • საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რომელიც იცავს ქვეყნის მოსახლეობას და კონსტიტუციას "ქართული ოცნების" მთავრობის ძალადობრივი ქმედებებისგან.