"ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ" - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირის მოხსნას, რომელიც ადმინისტრაციის წინ ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს აღმართეს.
მდინარაძე ამბობს, რომ ჯებირის მოხსნა ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა. ასევე ირწმუნება, რომ ღობის აღმართვაში დახარჯული "თანხის მიზნობრიობა არსად დაიკარგება".
"ღობეზე ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ და დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭიროა ეს და აუცილებლობაა ამის, იქ იქნება. მეორე - ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები, თავიდან ბოლომდე და თქვენ, ძალიან გთხოვთ, ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯი არ დაემთხვევა წინა პრემიერის ნაბიჯს. ამ თანხის მიზნობრიობა არსად დაიკარგება, ღობე გადაეცემა უფრო მეტად რომ სჭირდება იმ დაწესებულებას, რომელიმეს", - ამბობს მდინარაძე.
შენობის წინ, ღია სივრცეში მთავრობამ პარკის მოწყობა თითქმის ერთი წლის წინ მოულოდბელად დაიწყო. ეს ტერიტორია რკინის ჯებირით გამოყვეს. ეს ყველაფერი აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ ჯებირები ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების თავიდან ასარიდებლად გაჩნდა.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს გაჩნა. ჯებირები მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებისას მოიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას მათი აღმართვა ისევ დაიწყო, ახლა კი ირაკლი კობახიძის დროს კი მათი დემონტაჟი დაიწყო.