
პროევროპულ აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ახალი ფონდი შეიქმნა - "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, "თავისუფლების ფონდის'' ანგარიში ინგლისში გაიხსნება. მისი თქმით ეს ფონდს დაყადაღებისგან დააზღვევს.
"ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად.
ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.
დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს'', რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან.
თანხების შეგროვებისთანვე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება.
შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხმების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე.
ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!", - წერს ჯინჭარაძე სოციალურ ცსელში.