თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ჯაყელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია ღონისძიების მონაწილეების დასაცავად.
"ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ეს ყველაფერი. ფიზიკურად უსაფრთხოდ ვართ ამ წუთას, მაგრამ ემოციურად საშინელებაა. უცბად მოგვიწია ევაკუაცია, როცა ფაქტობრივად, პოლიციამ მოიყვანა ჩვენთან, ყველა მხრიდან ალყა შემოგვარტყეს ალტ-ინფოელებმა. არაფერი არ გააკეთა შსს-მ იმისთვის, რომ დავეცავით. სრულიად უღალატა თავის დანაპირებს და ამდენ თვიან პროცესს, სადაც ჩართული იყო მთელი საერთაშორისო საზოგადოება და სახალხო დამცველი. დახურული ღონისძიებაც ვეღაც ჩავატარეთ. გაგვიყვანეს უცბად და ჩაგვტენეს სამარშრუტო ტაქსიში", - ამბობს ჯაყელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.