ჯაფარიძე: ნუ ვიტყვით, რომ გახარია საერთოდ არ არის პროცესებში ჩართული

ჯაფარიძე: ნუ ვიტყვით, რომ გახარია საერთოდ არ არის პროცესებში ჩართული

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია პროცესებში გარკვეულწილად ჩართულია. როგორც მან გადაცემა სანაიას ეთერში თქვა, მათ ჰქონიათ შეხვედრები როგორც პირადად მასთან ისე, მისი პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

"ნუ ვიტყვით, რომ გახარია საერთოდ არ არის პროცესებში ჩართული. ჩვენ გვქონია შეხვედრები, სადაც მისი წარმომადგენლები ყოფილან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთანაც, მსჯელობაშიც მონაწილეობა მიუღია. უკეთესი იქნებოდა, რომ ყველა შეხვედრაზე იყოს, მათ შორის, თვითონ იყოს პერსონალურად ჩართული, ერთობის ნაბიჯების კრიტიკით კი არ იყოს დაკავებული, არამედ მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

ყველა გადაწყვეტილება შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ ამბავი ისაა, რომ კონსენსუსით მივიდეთ მართლა ერთობლივ გადაწყვეტილებამდე.
ხალხს რომ ვეუბნებით, "კოალიციური მთავრობა იქნება", ეგ ასე ხდება, კონსენსუსებით სიარულით. საჯარო განცხადებებიდან და მისი წარმომადგენლებთან კომუნიკაციიდან, ის, რომ ამ არჩევნებს არ აღიარებს ლეგიტიმურად, არის ცალსახა. რომ აპირებს ბრძოლას ბოლომდე - ეგეც ცალსახაა", - თქვა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გახარიას პარტიას კარგი მასალა ჰქონდა საარჩევნო სისტემაში ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებით.

"თუ ამ ეთერს უყურებს, ვეტყვი: რაღაცები თუ არ მოსწონს როგორ კეთდება, მაგის ერთადერთი დაზღვევის გზაა, რომ ჩართული იყოს ამ ამბებში, რაღაცებზე თქვას როგორ ჰგონია სწორი, როგორ წარმოუდგენია გაკეთება და სხვა ტიპის კონსენსუსამდე მივალთ, სამი კი არა, ოთხი ჯგუფი იქნება. საკუთარი განსხვავებულობის წარმოჩენაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება", - თქვა ჯაფარიძემ.