ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მიზეზი აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი ეთქვა, დამაჯერებლად არ გამოყურება.
"მოსამართლე აშშ-ში სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის შესახებ ფორმულას სიუჟეტში ამბობდა, რომ მან აპლიკაცია იმიტომ შეავსო, რომ წასვლის სურვილი ჰქონდა. ეს ხდებოდა 3 დღის წინ, მაგრამ დღეს მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მიზეზი ჩემთვის დამაჯერებლად არ გამოიყურება, თან იმ დროს როცა სხვა 3 მოსამართლე ამბობს რომ სოლიდარობის ნიშნად არ მიდის აშშ-ში. ამ ქვეყანაში ხალხს ათასნაირი სოციალური პრობლემა აქვს, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან უხერხული მგონია თანამდებობის პირების მხრიდან. ჩუმად მაინც თქვით უარი", - წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, აშშ-ში მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტზე უარს ამბობს. მოსამართლე აღნიშნავს, რომ სასწავლო ვიზიტმა პროფესიული დანიშნულების გარდა პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა.
დღეს, 13 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე 3-მა მოსამართლემ თქვა უარი.
გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ ეს სოლიდარობის აქტია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მოსამართლეს აშშ-ში ტრენინგზე ვიზიტი სურდა, თუმცა მათზე გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
ფორმულამ სასამართლოდან კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გაარკვია, რომ რამდენიმე მოსამართლეს აიძულებენ პროექტზე უარი თქვან და სანქცირებულებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ.
ფორმულამ გაარკვია, რომ აპლიკანტებს შორის ერთ-ერთი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილია, რასაც თავადაც გვიდასტურებს. ის არც ამერიკაში წასვლის სურვილს მალავს, თუმცა გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლას უარყოფს. ფორმულამ კიდევ რამდენიმე აპლიკანტის გვარი გაარკვია. მათ შორის არიან ქუთაისის და ბათუმის სასამართლოების მოსამართლეები.
მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ზეწოლას უარყოფდა რამდენიმე თვის წინაც, როცა ამერიკის საელჩომ ნიკა გვარამიას განაჩენის ავტორი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, პროექტიდან მოხსნა. რამდენიმე დღეში კი 5-მა მოსამართლემ ამერიკაში წასვლაზე უარი თქვა.
როგორი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დაგეგმილი პროფესიული ტრენინგის მონაწილეთა საბოლოო სია ეს უახლეს კვირებში გაირკვევა, როცა საელჩო განაცხადებს გადაარჩევს.
* * *
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.