იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, აშშ-ში ვიზიტზე 3-მა მოსამართლემ თქვა უარი.
გვრიტიშვილი ამტკიცებს, რომ ეს სოლიდარობის აქტია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მოსამართლეს აშშ-ში ტრენინგზე ვიზიტი სურდა, თუმცა მათზე გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
10 აპრილს ფორმულამ სასამართლოდან კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გაარკვია, რომ რამდენიმე მოსამართლეს აიძულებენ პროექტზე უარი თქვან და სანქცირებულებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ.
ფორმულამ გაარკვია, რომ აპლიკანტებს შორის ერთ-ერთი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილია, რასაც თავადაც გვიდასტურებს. ის არც ამერიკაში წასვლის სურვილს მალავს, თუმცა გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლას უარყოფს. ფორმულამ კიდევ რამდენიმე აპლიკანტის გვარი გაარკვია. მათ შორის არიან ქუთაისის და ბათუმის სასამართლოების მოსამართლეები.
მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ზეწოლას უარყოფდა რამდენიმე თვის წინაც, როცა ამერიკის საელჩომ ნიკა გვარამიას განაჩენის ავტორი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, პროექტიდან მოხსნა. რამდენიმე დღეში კი 5-მა მოსამართლემ ამერიკაში წასვლაზე უარი თქვა.
როგორი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დაგეგმილი პროფესიული ტრენინგის მონაწილეთა საბოლოო სია ეს უახლეს კვირებში გაირკვევა, როცა საელჩო განაცხადებს გადაარჩევს.
* * *
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.