ქართული ოცნების ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირი თავის შუალედურ დასკვნაში, რომელიც საარჩევნო პროცესის დასრულებამდე მომზადდა, მხოლოდ 1 დადებით შეფასებას წერს, ხოლო 10 უარყოფითს.
როგორც ჯანელიძე Facebook-ზე წერს, "ცესკო-ს მონაცემებითაც კი, თბილისში, სადაც თითქმის საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, ქართულმა ოცნებამ მიიღო 42%, ანუ უმცირესობაშია".
"ძირითადი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირი თავის შუალედურ დასკვნაში, რომელიც საარჩევნო პროცესის დასრულებამდე მომზადდა, მხოლოდ ერთ დადებით შეფასებას წერს: "არჩევნების სამზადისი კარგად იყო ადმინისტრირებული მათ შორის განხორციელდა ამომრჩეველთა ინტენსიური ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით".
ხოლო 10 უარყოფითს. ის ამბობს შემდეგს:
1. მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა, კენჭისყრის დღემ დამკვიდრებული პოლარიზაციის ფონზე ჩაიარა, რომელსაც ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება აზიანებდა;
2. საარჩევნო სუბიექტებს ზოგადად შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია მაშინ, როცა კამპანიის რიტორიკა და ვიზუალური მასალა კიდევ უფრო აღრმავებდა განხეთქილებას;
3. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა;
4. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე;
5. საკანონმდებლო ჩარჩო ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ ბოლო დროს განხორციელებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით;
6. ფინანსურ რესურსებს შორის არსებული მნიშვნელოვანი დისბალანსი და დაკავებული თანამდებობით სარგებლობის შეუსაბამო უპირატესობა ისედაც უთანასწორო საასპარეზო პირობებს კიდევ უფრო უთანასწოროს ხდიდა;
7. პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში;
8. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის ეფექტურობა დაზიანდა შეზღუდული აღსრულებითა და ზედამხედველი ორგანოს მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის კუთხით არსებული შეშფოთებით;
9. პოლიტიკურ პარტიათა სიებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ქალთა წარმომადგენლობის სიმცირე ნათელად წარმოაჩენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ადეკვატური ჩართულობის ინტენსიური ვალდებულების აღების საჭიროებას;
10. არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
ამასთან, ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შეფასება ნაწილობრივ საარჩევნო პროცესის დარჩენილი ეტაპების, მათ შორის ხმების დათვლაზე, დაჯამებასა და შედეგების გამოცხადებაზე და, ასევე, არჩევნების დღის შემდეგ მოსალოდნელი საჩივრებისა და სარჩელების განხილვაზე იქნება დამოკიდებული.
ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ, ძალაუფლების შენარჩუნების გამო:
- ქვეყანა შეიყვანა შიდა პოლიტიკურ კრიზისში;
- გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები;
- დიდი საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, ევროპული და დემოკრატიული განვითარების მომავალი", - წერს ჯანელიძე.