ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
უწყების ცნობით, თანამშრომელთა გარკვეული ჯაგუფი უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციასა თუ შეხვედრაზე.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა", - წერია განცხადებაში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს.
11 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყეს.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".