ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი TV იმედთან ინტერვიუში ოპოზიციას კვლავ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად" მოიხსენიებს, თუმცა ამბობს, რომ მათგან ყველაზე "სახიფათო ლელო და გახარიაა".
ივანიშვილი ომთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებზე კვლავ ოცნების ნარატივს იმეორებს და ირწმუნება, რომ გახარიას გუნდს და ლელოს "კარგად აქვს გაცნობიერებული, რას ითხოვენ მათგან".
"კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, როგორი განცხადებები კეთდება დღეს დასავლეთიდან. ოღონდ, არცერთ შემთხვევაში NATO-ს ომი არ უნდა დავუშვათ რუსეთთან, აი ამიტომაც დაგვტოვეს ჩვენ გარეთ და უკრაინაც, გვაომეს და კიდევ უნდათ გვაომონ, ამისთვის ვიყავით ჩვენ გამზადებული და ამისთვის გვამზადებდნენ და იმ ფონზე, რომ ეს ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა აქედან უფრო სახიფათოა ის ორი პარტია - ლელო და გახარია, რომლებმაც მშვენივრად იციან უკვე, თუ ნაციონალური მოძრაობა, მისი წევრები და ლიდერები, სტუდენტობიდან მოყოლებული გარეთ ისწავლეს და იქიდან დაიწყეს მომსახურება, მონად გადაქცევა და სხვისი სურვილების ასრულება და ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რა უნდოდათ მათგან, ვთქვათ, დაეხმარნენ რევოლუციის მოწყობაში 2003 წელს, კიდევ რაღაცებში და ეგონათ, რომ ასე მარტივად იქნებოდა 2008 წლის ომი.
მათ ჩემი აზრით, კარგად გააზრებული არ ჰქონდათ, როდესაც ხელს აწერდნენ სხვის მსახურებაზე, მაგრამ ამ ორ ძალას მშვენივრად, კარგად აქვს გაცნობიერებული, ერთსაც და მეორესაც, რას ითხოვენ მათგან. თუ ჩვენ ამას არ მივხედავთ.... დღეს ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, პრობლემა არ არის, ოღონდ გვინდა აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა" - თქვა ივანიშვილმა.