ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებენ, რადგან ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
"დღეს დილის მდგომარეობით, ჰამასი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია არ მიაწოდეს. პრემიერმინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ ჰამასი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს", - აღნიშნა ჰაგარიმ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქამდე არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სრულ სიას, რომელიც ჰამასმა დღეს უნდა გაათავისუფლოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასმა თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა, ხოლო მიზეზად ტექნიკური სირთულეები დაასახელა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მეომარ მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. ის მიზნად ისახავდა 15 თვიანი ომის შემდეგ ბრძოლის შეჩერებასა და მძევლების გაცვლას.