ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე შეტევის დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, მერად აბუ მერადი მოკლეს - IDF-ის ცნობით, ის ჰამასის საჰაერო სისტემას ხელმძღვანელობდა და გასული კვირის თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა.
ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა - მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.