ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. ჰამასი უნდა წაიშალოს დედამიწის პირიდან", - დაწერა ელი კოენმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩართო ჩანაწერი, სადაც მისი თქმით, ჰამასის ტერორისტი მშობლებს ეუბნება, რომ ამაყია ათი ებრაელის მკვლელობის გამო.

"ბატონო გენერალურო მდივანო, ეს არის მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ", - მიმართა მან სხდომაზე ანტონიო გუტიერეშს.

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა ანტონიო გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. ეს მოწოდება მან მას შემდეგ გააჟღერა, რაც გუტიერეშმა თქვა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა.

დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან". მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის "კოლექტიურად დასჯას".

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.