ისრაელის ელჩი: ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი

ისრაელის ელჩი: ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი

საქართველოსი ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი ჰამასის მიერ ისრაელზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასაცავად.

მისივე თქმით, 4 მილიონი ისრაელელი იძულებული გახდა თავშესაფრებში გადასულიყვნენ.

"რთულია ასეთ დღეს სიტყვების პოვნა. დილის 6:30 ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად. ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეჰფარებოდნენ.

სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული ჰამასის მიერ. ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა. ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი.

ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ. ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენს მიმართ", - წერია ელჩის განცხადებაში.

***

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა ისროლეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".