ისრაელი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს

ისრაელი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს

ისრაელი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს. მიიჩნევა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერაციაა იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეიდის მიზანი "ტერორისტული ინფრასტრუქტურაა". დაახლოებით ღამის 2 საათზე განხორციელდა დრონებით თავდასხმა. ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავენ, რომ დარტყმა "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" განხორციელდა.

პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სულ მცირე რვა პალესტინელი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

მთელი დღის განმავლობაში ჯენინში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ჯენინის ბრიგადის წარმომადგენლებმა, რომელშიც პალესტინური დაჯგუფებების - ფატაჰის, ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის მებრძოლები შედიან, განაცხადეს, რომ ისინი საოკუპაციო ძალებს ბოლომდე ებრძვიან.

"ის რაც ლტოლვილთა ბანაკში ხდება - ნამდვილი ომია", - განაცხადა სასწრაფო დახმარების პალესტინელმა მძღოლმა, ხალედ ალახმადმა.

"ბანაკზე დარტყმები ჰაერიდან ხორციელდებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც სასწრაფო დახმარების ხუთი-შვიდი მანქანით მივდიოდით, დაჭრილებით სავსე ვბრუნდებოდით", - განუცხადა მან Reuters.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ელი კოენის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციებისა და იმ თანხების წყალობით, რომელსაც ისინი ირანიდან იღებენ, ჯენინი ტერორისტული საქმიანობის ცენტრად იქცა. მისივე თქმით, ისრაელი არ გეგმავს, რომ ოპერაცია ჯენინის ტერიტორიას გასცდეს.

პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა ისრაელის არმიის ოპერაციას "დაუცველი ხალხის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დანაშაული" უწოდა.

პალესტინის ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჯენინში, დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთით, დაარსდა 1953 წელს UNRWA-ის მიერ (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო ახლო აღმოსავლეთში). მას შემდეგ ის პალესტინის წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა.

ბანაკი რეალურად არის ქალაქის ერთი კვარტალი მოსახლეობის ძალიან მაღალი სიმჭიდროვით, რთული საცხოვრებელი პირობებით, წყალმომარაგების და ელექტროენერგიის სერიოზული პრობლემებით. ბანაკის მცხოვრებთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. UNRWA-ს მონაცემებით, ამჟამად იქ ცხოვრობს დაახლოებით 14 000 ადამიანი, რომელიც 0,42 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გადანაწილებული.