ისრაელი ჰამასის ლიდერის სიკვდილს ადასტურებს

ისრაელი ჰამასის ლიდერის სიკვდილს ადასტურებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დნმ ნიმუშით სინვარის სიკვდილის დადასტურებას ცდილობდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადების მიხედვით, სინვარი დღეს ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.

"ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.

სინვარის სიკვდილი ხნის მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესაძლებლობას და გზას უხსნის ცვლილებებს, რომელიც ახალ რეალობას მოიტანს ღაზაში - ჰამასისა და ირანული კონტროლის გარეშე", - აღნიშნა მინისტრმა.

სინვარი ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება და ისრაელი მიიჩნევს, რომ სწორედ ის იყო 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის "ორგანიზატორი".

ჰამასის თავდასხმის შემდეგ სინვარი საჯაროდ აღარ გამოჩენილა და, როგორც მიიჩნევენ, იგი ღაზას ქვეშ გვირაბების უზარმაზარ ქსელში იმალებოდა.

ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სინვარი ღაზას სამხრეთით ოთხშაბათს ოპერაციის შედეგად მოკლეს. ოპერაციის დროს სამხედროებმა, როგორც ისრაელში ამბობენ, სამი ტერორისტი მოკლეს, რომელთაგან ერთ-ერთზე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა სინვარი ყოფილიყო.

ისრაელის პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ იაჰია სინვარის ცხედარი, თავდაპირველად, მისი სტომატოლოგიური ჩანაწერების ანალიზის შედეგად ამოიცნეს. მოგვიანებით, კი ეს თითის ანაბეჭდებითაც დადასტურდა.

იაჰია სინვარი წლების განმავლობაში ისრაელის ციხეში იმყოფებოდა. სწორედ აქედან აქვს მოპოვებული ისრაელს ორივე ეს ჩანაწერი და მათ შორის დნმ-ის ნიმუშები.

იაჰია სინვარი ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ივლისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა ლიდერი ისმაილ ჰანიე ისრაელმა მოკლა.

1988 წელს სინვარი ორი ისრაელელი სამხედროსა და ისრაელთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ოთხი პალესტინელის მკვლელობისთვის გაასამართლეს. სინვარმა ისრაელის ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა.

2015 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა.

იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზაში, ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. ათობით წლით ადრე 1948/49 წლის ომის შედეგად, ნაკბას დროს, მისი ოჯახი ალ მაჯდალის სოფლიდან გაიქცა. იაჰია სინვარი პალესტინურ დაჯგუფებას 1980-იან წლებში შეუერთდა და ჰამასის სამხედრო ფრთხის მხარდაჭერაზე იყო პასუხისმგებელი.