ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გააკეთონ. ამის შესახებ IDF-ის სპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა ინტერნეტისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების გამო, უცნობია, რამდენად იციან ამ შეტყობინების შესახებ ადგილობრივებმა.
CNN-თან ინტერვიუში IDF-ის ერთ-ერთმა პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის არარსებობის გამო, ადგილობრივებს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით უკვე მიაწოდეს და შესაბამისად, ყველა ინფორმირებულია ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ. თუმცა მედია ესაუბრა ღაზაში მყოფ რამდენიმე პირს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბოლო გაფრთხილების შესახებ არაფერი იციან.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეებს განსაზღვრული მარშრუტით უსაფრთხოდ სარგებლობა ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე შეეძლებათ. IDF-ის პრესსპიკერი განცხადებაში ღაზის მცხოვრებლებს მოუწოდებს, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გააკეთონ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.
ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა - მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.