ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 400-ზე მეტი გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. IDF-ის ცნობით, გვირაბების დიდი ნაწილი მოწყობილია სამოქალაქო დაწესებულებების მიწისქვეშ, მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებსა და სახლებში.
ისრაელი ჰამასის თავდასხმის შემდეგ აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება მშვიდობიან მოქალაქეებს "ცოცხალ ფარად" იყენებს - კერძოდ, მათი განცხადებით, ჰამასს სამხედრო ბაზები აქვს მოწყობილი სხვადასხვა შენობაში. IDF-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ბაზა მდებარეობს ღაზის სექტორის უდიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას კლინიკაში.
20 ნოემბერს მათ საავადმყოფოს ტერიტორიიდან ვიდეოც გაავრცელეს, სადაც ტერორისტების მიწისქვეშა გვირაბია ასახული. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, გვირაბი 55 მეტრი სიგრძისაა და თავდაცვის არაერთ მექანიზმს შეიცავს, მათ შორის რამდენიმე ტყვიაგაუმტარ კარს.
ისრაელის არმია კლინიკაში 15 ნოემბერს შევიდა - გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ისრაელის ჯარების შესვლამდე საავადმყოფოს 2 300 ადამიანი აფარებდა თავს, მათ შორის პაციენტები, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მოქალაქეები.