ისლამაბადის განცხადებით, ინდოეთის საჰაერო იერიშს სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისლამაბადის განცხადებით, ინდოეთის საჰაერო იერიშს სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანის სამხედრო უწყების ცნობით, ინდოეთის მიერ გასულ ღამით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 57. ეს მონაცემები დღეს საღამოს პაკისტანის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაახლა.

ისლამაბადის ინფორმაციით, ინდოეთის ძალებმა დაარტყეს როგორც პაკისტანის, ასევე პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის ექვს ობიექტს. დელის მხარეს აცხადებენ, რომ იერიშის სამიზნე ცხრა ლოკაცია იყო, ხოლო ოპერაცია ინდოეთის დროით ღამის 01:05-დან 01:30 საათამდე მიმდინარეობდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანამ უკვე გასცა პასუხი ინდოეთის ქმედებებს და მათ ხუთი ინდური საბრძოლო თვითმფრინავი და ერთი დრონი ჩამოაგდეს. ინდოეთი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ინდოეთის არმიის ცნობით, პაკისტანის მხარემ ცეცხლი გაუხსნა დე ფაქტო საზღვრის — ე.წ. კონტროლის ხაზის (LoC) ინდურ მხარეს, რის შედეგადაც 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

პაკისტანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანას „უფლება აქვს უპასუხოს ინდოეთს მის მიერ შერჩეულ დროს, ადგილსა და ფორმაში.“