ირანის მთავრობის განცხადებით, არაა "მნიშვნელოვანი განსხვავება" იმაში, ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. როგორც CNN წერს, ინფორმაციას ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული გამოცემა Tasnim News, წერს, ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატემე მოჰაჯერანიმ დაადასტურა, რომ ირანისა და შეერთებული შტატების ზოგადი პოლიტიკა თანმიმდევრულია.
მოჰაჯერანის თქმით, "აუცილებელი ზომები წინასწარ იყო დაგეგმილი". გარდა ამისა, მან თქვა, რომ აშშ-ის არჩევნებს ირანთან "კავშირი" არ აქვს და აშშ-სა და ირანის ზოგადი პოლიტიკა არ შეცვლილა.
Fox News-ის მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფლორიდაში უკვე მიმართა მხარდამჭერებს და გამარჯვება იზეიმა.
არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო. სხვადასხვა ამერიკული მედიის მონაცემებით, ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადებული არაა, თუმცა აუცილებელთან ზღვართან ძალიან ახლოსაა.
წლევანდელ არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. მერყევ შტატებს, განსაკუთრებით კი პენსილვანიას, რომელსაც კოლეგიაში 19 ხმა აქვს. ამერიკული მედიის მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა პენსილვანიის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ე.წ. მერყევ შტატებში გაიმარჯვა, დანარჩენ 4-ში კი ლიდერობს.
დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დღეს ამომრჩეველს არ მიმართავდა. ანალიტიკოსების აზრით, ჰარისის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი დამარცხებას აღიარებს.