პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული იფნორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა და შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს.
"ღარიბაშვილმა შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია", - წერია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშსაც შეხვდა.