სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ჟურნალისტების შეშვებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საკანონმდელო ორგანოში შესვლის საშუალება.
"ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად - დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები", - თქვა იოსელინმა IPN-ის ცნობით.
რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს.
პარლამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. პარლამენტის პრესსამსახურმა კი მედიისთვის განკუთვნილ ჩატში დააზუსტა, რომ პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც.
ამ წუთებში კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ, პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.