"საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშეა, მაგრამ გაქვთ შესაძლებლობებიც და თუ ვიმოქმედებთ, მოგებულები დავრჩებით" - ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ისლანდიის პრეზიდენტი გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ნახა რუსული ოკუპაციის შედეგები და ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოების ბედი წყდება.
მან საკუთარი ქვეყნის მაგალითზე თქვა, რომ პატარა ქვეყნებმა უნდა გააპროტესტონ ძლიერი ქვეყნების ქმედებები, თუმცა დასძინა, რომ საქართველო უნდა იყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, რაც ხელს შეუწყობს და მისცემს მეტ ბერკეტს.
"გუშინ მოვინახულეთ ოძისი, ვიყავით ხაზთან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი და რომლის გადაკვეთაც არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მის მიღმა ასევე საქართველოს ტერიტორიაა. ეს ვითარება განსხვავდება ისლანდიისგან. ჩვენ არ გვყავს მეზობლები, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან, მაგრამ ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია სხვების უსაფრთხოებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მანამ, სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მიმდინარეობს, თავისუფლება საფრთხის ქვეშაა მთელს ევროპაში. როდესაც ევროპაში ომია, ამას ჩვენზეც აქვს გავლენა.
პატარა ქვეყნების მაგალითი მნიშვნელოვანია. ისლანდიის მაგალითი აჩვენებს, რომ პატარა ქვეყნები არიან იმ პოზიციაში, რომ გააპროტესტონ უფრო ძლიერი ქვეყნების ქმედებები, მაგრამ ამას ყოველთვის ვამატებ - იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, ეს ხელს შეგიწყობთ, მოგცემთ ბერკეტებს. საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობებიც და თუ ვიმოქმედებთ ერთად და დავეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ ყველანი მოგებული დავრჩებით", - თქვა გუდნი იოჰანესონმა.
5 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.