კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "ინფლუენსერებისთვის" გზამკვლევი დოკუმენტის შექმნას გეგმავს, რის შემდეგაც "ინფლუენსერები" ვალდებულები იქნებიან ვიდეოებში შესაბამისი წარწერით მიუთითონ, უწევენ თუ არა ამა თუ იმ კომპანიას ან მომსახურებას რეკლამას.
როგორც ფორმულას კონკურენციის სააგენტოში უთხრეს, დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წელს იგეგმება და სავარაუდოდ 2025 წელს დასრულდება. ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ ეს არ იქნება ახალი ნორმატიული რეგულირება და კანონმდებლობა საკითხს სრულად ფარავს.
"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. მომხმარებლის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა საკითხს სრულად ფარავს. საუბარია ევროპული გამოცდილების საფუძველზე, სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე, იმ შემთხვევებისთვის თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული ინფლუენსერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ადაპტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში", - უთხრეს ფორმულას კონკურენციის სააგენტოში.