ინდოეთის საგარეო ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება

ინდოეთის საგარეო ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან დადო პირობა, რომ იგი ინდოეთს ტარიფებს, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის გამო, "მნიშვნელოვნად გაუზრდის."

კერძოდ, უწყება ხელს ევროპისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროდუქტის "ტრადიციული მარაგი ევროპისკენ გადამისამართდა."

ამასთანავე, ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის იმპორტს გლობალურ ბაზარზე არსებული სიტუაციით ამართლებს და აცხადებს, რომ ეს მათთვის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ვალდებულებას" წარმოადგენს.

იხილეთ ინდოეთის საგარეო სამინისტროს სრული განცხადება:

"ინდოეთი უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გამო, აშშ-სა და ევროკავშირის სამიზნე გახდა. სინამდვილეში, ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი იმიტომ დაიწყო, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ტრადიციული მარაგი ევროპისკენ გადამისამართდა. იმ დროს შეერთებულმა შტატებმა აქტიურად წაახალისა ინდოეთის მიერ ასეთი იმპორტი გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის გასაძლიერებლად.

2. ინდოეთის იმპორტი ინდოელი მომხმარებლისთვის პროგნოზირებადი და ხელმისაწვდომი ენერგო ხარჯების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. ეს გლობალური ბაზრის სიტუაციით გამოწვეული აუცილებლობაა. თუმცა, აშკარაა, რომ სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც ინდოეთს აკრიტიკებენ, თავად არიან ჩართულნი რუსეთთან ვაჭრობაში. ჩვენი შემთხვევისგან განსხვავებით, ასეთი ვაჭრობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ვალდებულებასაც კი არ წარმოადგენს.

3. 2024 წელს ევროკავშირს ორმხრივმა სასაქონლო ვაჭრობამ რუსეთთან 67.5 მილიარდი ევრო შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წელს მომსახურებით ვაჭრობა 17.2 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ინდოეთის მთლიან ვაჭრობას რუსეთთან იმ წელს ან შემდგომში. 2024 წელს ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტმა რეკორდულ 16.5 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2022 წლის ბოლო რეკორდულ 15.21 მილიონ ტონას აღემატებოდა.

4. ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა მოიცავს არა მხოლოდ ენერგიას, არამედ სასუქებს, ქიმიკატებს, რკინასა და ფოლადს, ასევე მანქანა-დანადგარებსა და სატრანსპორტო აღჭურვილობას.

5. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ის აგრძელებს რუსეთიდან ურანის ჰექსაფტორიდის იმპორტს ბირთვული ინდუსტრიისთვის, პალადიუმის ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის, სასუქების, ასევე ქიმიკატების.

6. ამ ფონზე, ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. ნებისმიერი მსხვილი ეკონომიკის მსგავსად, ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად", - წერია განცხადებაში.

4 აგვისტოს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსული ნავთობის დიდი ოდენობისა და მისი მოგების მიღების მიზნით გაყიდვის გამო, აშშ "მნიშვნელოვნად გაზრდის" ინდოეთის მიერ გადასახდელ ტარიფებს.

"ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ყიდის დიდი მოგების მისაღებად. მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანი ეწირება უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.