
იმედი ავრცელებს ტექსტს, რომელიც, მათი მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.
დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.
ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია "იმედის" მიერ გავრცელებულ წერილში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით. მედიის ინფორმაციით, ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.